პირდაპირ ვიტყვი, არ ვფიქრობ, რომ ზვიად კვაჭანტირაძის მიმართ გადაწყვეტილება ტექნიკური ხარვეზებით იყო განპირობებული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„შესაძლოა, ერთი-ორმა ადამიანმა არასწორად გაიგო პროცედურა და ეს მერე იუმორის საგანი გახდა. თქვენთან ერთად, მეც შემიძლია, ამას იუმორით შევხედო, მაგრამ თვითონ გადაწყვეტილება ნამდვილად არ აიხსნება იმით, რომ აქ რაღაც ტექნიკური გლობალური ხარვეზი იყო, როდესაც ხმები არასაკმარისი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა მოხდა რეალურად, რატომ დასრულდა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების პირველი მცდელობა უშედეგოდ და ზოგადად, არის თუ არა მმართველი გუნდისთვის დამაფიქრებელი ეს ფაქტი, რომ ყოფილი თანაგუნდელის გადაყენების პროცესი ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა.
მისი თქმით, დღეს, სასამართლო პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უმრავლესობამ მაღალი მხარდაჭერით და მყარი უმრავლესობით მიიღო, გუშინ კი, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებასთანდაკავშირებით უმრავლესობამ ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
„ეს გვეუბნება შემდეგს, რომ როდესაც საქმე ჩვენს ყოფილ თანაგუნდელს ეხება, ვისთანაც პარლამენტის წევრების ნაწილს, ჩვენს თანაგუნდელებს წარსული სამუშაო გამოცდილება, ადამიანური ურთიერთობები და გარკვეული ემოციები აკავშირებს, როდესაც დღის წესრიგში იყო ადამიანური ფაქტორი და ადამიანური საკითხი, ვნახეთ, რომ რეაქცია განსხვავებული იყო. გუნდის დიდმა ნაწილმა დაუჭირა ამას მხარი, გარკვეულმა ადამიანებმა კი არა და მე სწორედ ამით ვხსნი ამ გადაწყვეტილების შედეგებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად გამართლებული იყო საპარლამენტო ტრიბუნიდან ყოფილი თანაგუნდელის მისამართით ის, როცა ზვიად კვაჭანტირაძეს კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობის ხარისხი დაუწუნეს და თუ ასეთი პრეტენზიები მართლაც არსებობდა, რატომ გამოითქვა ის გუშინ და არა უფრო ადრე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კომიტეტის საქმიანობა შეიძლება, შეფასების საგანი გახდეს, ამაში არალეგიტიმურს ვერაფერს ხედავს და პარლამენტის თავმჯდომარეს თავის არგუმენტებში ეთანხმება, მაგრამ აქ არის მეორე საკითხიც.
„მე პირადად მიმაჩნია და ამ შემთხვევაში მაგალითად, ასე მოვიქცეოდი – როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ ხარ წარდგენილი და ჩამოყალიბებულია პოლიტიკური ტრადიცია, რომ ამ თანამდებობებს უმრავლესობა აკომპლექტებს, როცა ამ დროს ტოვებ უმრავლესობას, პარტიას, გუნდს და ამას საჯაროდ და შემდეგ, ოფიციალური განცხადებით აკეთებ, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება ისაა, ის თანამდებობაც დატოვო, რომელზეც უმრავლესობის გუნდმა წარგადგინა. ასე რომ, საბოლოოდ რა შედეგიც დადგა, ვფიქრობ, თავიდანვე იქნებოდა უპრიანი, ასეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
ეს კენჭისყრა და დისკუსია, რომელიც წარმოიშვა, სადაც თქვენ ამბობთ, რომ გარკვეული უხერხულობებიიყო, ზუსტად ამან გამოიწვია, მაგრამ საბოლოოდ, ვფიქრობ, პროცესი იმ შედეგით დასრულდა, რომელიც ლოგიკური და სამართლიანი იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.