ერთი მადლობის სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, თქვე პროდასავლურო ოპოზიციის წევრებო – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საპარლამენტო ოპოზიციას საყვედურით მიმართა, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ ოპონენტებს თეა წულუკიანისთვის მადლობა უნდა გადაეხადათ, თუმცა მათ მადლიერების სიტყვა არ დასცდენიათ.
„ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ, ასეთი მამულიშვილური ინტონაციებით, რომ გამოხვედით, ერთი სიტყვა მაინც გეთქვათ, რუსეთთან მოგებულ საქმეებზე. ერთი სიტყვა მაინც დაგცდენოდათ ამაზე, თქვე პროდასავლელო ოპოზიციის წევრებო. ჩვენ ვართ ნამდვილი პროდასავლური ძალა, თქვენ ხართ თვალთმაქცები,“_ მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს.
მისი თქმით, ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელი კომპლექსი აქვს, თუმცა თალაკვაძე ოპონენტებს ჰპირდება, რომ გასულ წლებს აღარ შეახსენებს.
„ჩვენ აღარ შეგახსენებთ არაფერს, უბრალოდ გამოდით წარსულის კომპლექსიდან დაიწყეთ თავდაჯერებული ირონიით, მერე ტორტით გააგრძელეთ და ბოლოს გაბრაზებულებმა დაამთავრეთ, იმიტომ რომ ვერაფერი მოუხერხეთ თეა წულუკიანს ისევ ჩვენ მოგვიწევს მწვავე კითხვების დასმა,“- თქვა თალაკვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იმასაც ამბობს, რომ თეა წულუკიანის ულტიმატუმზე საუბრით, რომელიც მინისტრმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წაუყენა გუნდში დაპირისპირებას ვერავინ გამოიწვევს.
„ეს რა მოიფიქრეთ კიდევ, შვიდჯერ რომ გაიმეორეთ აშანტაჟებს პარტიის თავმჯდომარეს – თქვენ მართლა გგონიათ, რომ ეგეთი იაფფასიანი პოლიტიკა არის, როგორსაც თქვენ აკეთებდით? გგონიათ გუნდის წევრები ერთმანეთზე გაბრაზდებიან? მართლა გგონიათ,რომ რაიმე ინტრიგას დათესავთ ამით? ცოტა მაღალ კლასზე გადადით, შემდეგ კლასში გადადით. დამთავრდა ის პოლიტიკა, როცა გადააგდებდით მარცვალს და იქიდან აღმოცენდებოდა კონფლიქტი. მაგაზე ვერვის გააბრაზებთ მმართველ გუნდში. რამე რთული და უკეთესი მოიფიქრეთ,“-მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.