გიგას არჩევით ამომრჩეველი ვეღარ ნახავს პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს, ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, დაიცავს მას და ჩემთვის ეს გადამწყვეტია, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ დანიშვნას.
„გიგა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.
2018 წლიდან, „ევროპულ საქართველოს“ თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის პატივისცემის პრობლემა აქვს – იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა ლიდერშიფის ნდობა.
2020 წელს, კამპანიაში, ჩემი თვალით ვნახე მძიმე პრობლემები მენეჯმენტში – მართვაში.
დარწმუნებული ვარ, რომ გიგას არჩევით პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს და ჩემთვის ეს გადამწყვეტია.
რაც შეეხება მართვას – ესეც მოგვარდება, გამართული ბექოფისი შეიქმნება, სისტემური გადატვირთვა მოხდება და პარტია ქვემოდან ზემოთ პრინციპით აეწყობა.
ჩვენი მხარდამჭერები უპირველეს ყოვლისა! ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა – სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. მოკლედ, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია“, – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.