“მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში _ მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!
მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ”, _ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებას, რომელიც მან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეგახსნებეთ, რომ გიორგი მიქაუტაძის თქმით, მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს ესაუბრა და მზად არიან, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებარონ:
მისი განმარტებით, იურიდიულად არ არსებობს მოსამართლეთა უკვე წარდგენილი სიის გაწვევის პროცედურა. როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაერთვება იმ კრიტერიუმების გამჭვირვალედ განხილვის პროცესში, რომელზეც სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს.
„რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, თითოეულთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის ასეთი, რომ ახალ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება შემუშავებული, თითოეული მათგანი დაექვემდებარება და საერთო წესით მოხდება კანდიდატების შერჩევა“, _ განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ამასთან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი მზად არის, დაექვემდებაროს ყველა კრიტერიუმს და საერთო წესის შესაბამისად უპასუხოს ყველა კითხვას.
გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, არ შეიძლება, რომ ბრალდებები კრებითად ყველა კანდიდატის მიმართ იყოს წაყენებული. მისი თქმით, თითოეულმა კანდიდატმა ინდივიდუალურად უნდა უპასუხოს იმ პრეტენზიებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ არსებობს.
„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზად არის, სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის თითოეული კანდიდატის მიერ ინდივიდუალურად გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა, მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ და თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი თითოეულ კანდიდატთან”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
ამავე თემაზე: ეკა გიგაური: გამოსავალი ერთია _ კლანი უნდა წავიდე