ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას ხანგრძლივ შვებულებას ექსპერტები უარყოფითად აფასებენ.
,,გურია ნიუსთან“ ვაჟა ბერიძე აცხადებს, მინისტრის ხშირი შვებულება უხერხულობას ქმნის. მისი თქმით, რისთვის მოვიდა გიორგი ქობულია ამ თანამდებობაზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის.
,,რა თქმა უნდა, უხერხულია, როცა დანიშვნიდან ცოტა დრო არის გასული და შვებულებაში გადიხარ, მაგრამ მას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო თანამდებობები და უნდა მივცეთ საშუალება, მოაგვაროს პრობლემები.
ვფიქრობ, ძალიან ძნელია საზოგადოების მიერ ისეთი ადამიანის აღქმა ეკონომიკის ურთულეს სამინისტროს სათავეში, რომელსაც ფართო საზოგადოება არ იცობდა და დღესაც არ იცნობს. მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტული განცხადების გარდა მისგან ჩვენ არაფერი ვიცით, რა მიზნით მოვიდა თანამდებობაზე, ხელფასისთვის არ მოსულა, როგორც მახსოვს, რაც ძალიან სარკასტული განცხადებაა.
ცუდი და მიუღებელი ის კი არ არის, რომ ადამიანი შვებულებაში წავიდა ორი ან სამი კვირით, მთავარი ის არის, რომ ეკონომიკის მინისტრის შეხედულებები არ არის ცნობილი მოვლენათა ფართო სპექტრთან დაკავშირებით. პირადად ჩემთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი“,_ გვითხრა ბერიძემ.
ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია, რომელიც თანამდებობაზე, დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ დაინიშნა, შვებულებაში მესამედ გავიდა.