გურიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირში ტარიელ ხუხუნაიშვილმა გაიმარჯვა, _ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გურიის ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ტარიელ ხუხუნაიშვილი 1995 წლიდან, გურიის ყველა ჩემპიონატის მონაწილეა. წლევანდელი ჩემპიონობა მისთვის მესამეა. პირველად 2008 წელს იზეიმა გამარჯვება, მეორედ კი 2011 წელს.
“ცხრაჯერ იყო სამეულში. ამ ჩემპიონატში მისი მონაწილეობა, კორონავირუსის შეყრის გამო, სათუო გახდა. ორგანიზატორებმა, სამედიცინო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რომ იგი სხვა პირთან კონტაქტში ყველაზე ნაკლებ სახიფათოა, დაუშვეს მონაწილეთა შორის. მან ორი ტურით ადრე, ყველა პარტიის მოგებით გაინაღდა პირველი ადგილი. მანამდე მთავარი კონკურენტი ოზურგეთელი გივი სიამაშვილი ჰყავდა, რომელიც, ასევე, კარგი თამაშით და მხოლოდ ნახევარი ქულის დანაკარგით აგრძელებდა წინსვლას. ჩემპიონობის ბედი, პრაქტიკულად, ამ ორ მოჭადრაკეს შორის წყდებოდა და ის მათ შორის პარტიას უნდა გადაეწყვიტა. თუ გივი გაიმარჯვებდა, მაშინ მას გაჩემპიონებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. ყაიმი კი ტარიელს აძლევდა ხელს. გივი, რომელიც პოზიციური სტილის მოთამაშეა, ამჯერად იძულებული გახდა, ეღალატა მისი სტილისათვის და აგრესიული, მწვავე თამაში წამოეწყო. თავიდან, თითქოს კარგად მიჰყვებოდა გეგმას, მაგრამ შუა თამაშის შემდეგ ტარიელმა სიტუაციის ნორმალიზაცია მოახდინა და შეტევაზეც გადავიდა. გივიმ შეატყო, რა მდგომარეობის შემობრუნება აღარ შეეძლო, პირველმა მიულოცა მოწინააღმდეგეს ჩემპიონობა. თვითონ კი მეორედ დააფიქსირა თავი ვიცე-ჩემპიონად.
ტარიელს, რომელსაც ჩემპიონატში ჩართვა კორონავირუსის მოხდიდან ათ დღეში მოუწია, ოზურგეთში ეხუმრებოდნენ _ ათი წელი ჩემპიონი არ ყოფილხარ, რა მკურნალობა ჩაგიტარეს ამფერი ქობულეთში, ტვინზე გიმკურნალეს თუ ვირუსზეო.
ჩემპიონატის ბოლო ტურში გაირკვევა მესამე-მეოთხე ადგილების ბედიც“, _ ავრცელებს ინფორმაციას გურიის ჭადრაკის ფედერაცია.