საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ,,ქართული ოცნების“ წევრმა გუგული მაღრაძემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, საქართველოს არჩილ ტატუნაშვილი მუდამ ემახსოვრება.
,,ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი უდიდესი სამძიმარი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ. როგორც ერთმა ქალმა, ქართველმა დედამ, პარლამენტარმა განსაკუთრებით მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილების ოჯახს, დედას, მამას, ნათესავებსა და ახლობლებს. მათ გამოიჩინეს უდიდესი ღირსება, თავშეკავება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ამ დიდი მწუხარების დროს. ისინი არ აყვნენ მცდელობებს შიგნიდან და გარედან და თავისი ქმედებებით, თავშეკავებითა და პატრიოტიზმით ამ ქვეყნის იმიჯს რაიმე საფრთხე არ შეუქმნეს.
დარწმუნებული ვარ, რამდენ ხანსაც საქართველო იქნება არჩილ ტატუნაშვილი ყველას გვემახსოვრება და ჩვენ ყველანი უდიდესი მოკრძალებით, პატივისცემით გვერდში დავუდგებით მის ოჯახს, რომელმაც შესანიშნავი ნამდვილი ქართული სიამაყე, პასუხისმგებლობა და ღირსება აჩვენა მძიმე დღეებში“, _ განაცხადა გუგული მაღრაძემ.