არჩილ ტატუნაშვილის შესახებ მომზადებულ რომელ რეზოლუციას დაამტკიცებს პარლამენტი, ხვალ გახდება ცნობილი.
ერთსა და იმავე საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ორი განსხვავებული შინაარსის დოკუმენტი აქვს მომზადებული.
რეზოლუციები ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ „ევროპული საქართველო“ ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგის, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას ითხოვს.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა იყოს და თუ მოხდება გაერთიანება, ამ მიმართულებით ჩვენ ღია ვართ კონსულტაციისთვის. გაერთიანება შეიძლება მოხდეს და ეს იქნება საკმაოდ სერიოზული გზავნილი,“-აცხადებს სერგო რატიანი.
საქართველოს მოქალაქეების წამებისა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას „ნაციონალური მოძრაობაც“.
გარდა ამისა პარტიაში ამბობენ, რომ დამნაშავეთა დასჯამდე კარასინი-აბაშიძის ფორმატი უნდა შეჩერდეს.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუცია კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითხოვს.
დოკუმენტებს დღეს კომიტეტებში განიხილავენ.
„ეს არის ძალიან პრინციპული რეზოლუცია, სადაც გაკეთებულია მწვავე შეფასება, როგორც არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით. დღეს გვექნება კომიტეტის ფარგლებში განხილვები, შემდეგ უკვე სესიის ფარგლებში და ეს ის საკითხია, რაზეც ვფიქრობთ, რომ გვექნება შეჯერებული პოზიცია და ვიქნებით კონსოლიდირებულები”, _ განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.