საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალებში საკადრო ცვლილებებია _ თავდაცვის ძალების მეთაურის ერთ-ერთ მოადგილედ ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაინიშნა.
ჭიჭინაძე მანამდე სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
“ირაკლი ჭიჭინაძეს 2000 წლიდან თავდაცვის ძალებში სხვადასხვა ოპერატიული და ანალიტიკური პოზიცია ეკავა, მონაწილეობდა ასევე, სამშვიდობო ოპერაციაში ერაყის რესპუბლიკაში. მიღებული აქვს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყებრივი მედალი, ასევე დამსახურებული თანამშრომლობისთვის ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურის მედალი -„სამსახურებრივი რკინის ჯვარი“.
საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი მთავარი სერჟანტი ჰყავს. გიორგი გოგოჭურმა კობა ცირეკიძე ჩაანაცვლა. გოგოჭური მანამდე აღმოსავლეთის სარდლობის მთავარი სერჟანტის პოზიციას იკავებდა.
სიახლეეებია დასავლეთის სარდლობაშიც მინისტრის ბრძანებით, დასავლეთის სარდლად პოლკოვნიკი კობა გრიგოლია, მის მოადგილედ კი პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურის თანამდებობა ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ, ხოლო III ქვეითი ბრიგადის მეთაურის პოზიცია – ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ დაიკავეს.
“საკადრო ცვლილებები განხორციელდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაშიც. სარდლის მოადგილეებად დასავლეთის სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი კახა ტაბატაძე და J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჭაღოშვილი დაინიშნენ. პოლკოვნიკი ჭაღოშვილი სარდლობის შტაბის უფროსის მოვალეობასაც შეასრულებს.
სიახლეა ეროვნულ გვარდიაშიც. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამხედრო ოპერაციების პრინციპების კურსის უფროსი ინსტრუქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან გუგენიშვილი დღეიდან ეროვნული გვარდიის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.