პარტია გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა რომ გირჩი სახელმწიფო განათლების სისტემის ალერნატიულ სასწავლო პროგრამას ქმნის, რომელსაც თავისუფალი განათლება ერქმევა. ამის შესახებ on.ge წერს.
მისი თქმით, ეს პროგრამა არ დაემორჩილება არცერთ სახელმწიფო რეგულაციას და თავისი მიმართულება იქნება.
ჯაფარიძის განცხადებით, ქართული განათლების სისტემა ცუდ მდგომარეობაშია და ეს დღესაც დადასტურდა, როცა განათლების მინისტრმა რეფორმის გეგმა წარადგინა. მისი თქმით გირჩის სკოლაში ბავშვებს მიიყვანენ ის მშობლები, ვინც იაზრებენ რომ სახელმწიფო განათლების სისტემა “მავნებლობაა”.
ჯაფარიძემ განაცხადა, გირჩის სკოლა დაეხმარება ბავშვებს საკუთარი თავის პოვნასა და მომავლის გაკვალვაში, რასაც სკოლების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს. სასწავლო ცენტრში გირჩი ახალგაზრდა მასწავლებლების აყვანას აპირებს.
ახალი პროექტის კონცეფციას გირჩი 17 სექტემბერს 20:00 საათზე წარადგენს. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს საქართველოს მთავრობამ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვა წარადგინა. განათლების სფეროს რეფორმირების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.