ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულო 27 ნოემბერს შეიკრიბება. სხდომას გახსნის საოლქო -საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ წარმართავს უხუცესი დეპუტატი ნანული ორაგველიძე.
გადაწყვეტილია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით დარჩიას კანდიდატურა, რომელსაც „ოცნების“ 36 დეპუტატი მხარს ერთხმად დაუჭერს. მიუხედავად იმისა, რომ შარაშენიძის გუნდიდან საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე შოთა გოგიბერიძის კანდიდატურაზე საუბარი უკვე შეწყდა, საკრებულოს სხდომა, სავარაუდოდ, მაინც ხმაურიანი იქნება და ექსცესების გარეშე არ ჩაივლის, რადგან თავმჯდომარის მოადგილის პოსტის დასაკავებლად გიორგი ღურჯუმელიძე და ლელა საჯაია უპირისპირდებიან ერთმანეთს.
რამდენიმე დეპუტატი “გურია ნიუსთან“ კონფიდენციალურ საუბრებში აღნიშნავს, რომ ლელა საჯაიას ზურგს უმაგრებს კალაძის ფრთა, ხოლო გიორგი ღურჯუმელიძეს პარტია “ქართული ოცნების“გარკვეული ნაწილი უჭერს მხარს.
დავით დარჩია ჩვენთან საუბრისას ადასტურებს ინფორმაციას, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ნამდვილად მისი კანდიდატურა იქნება წარდგენილი: “ეს, საბოლოოდ, პარტიის და დეპუტატების გადასაწყვეტია, გავხდები თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე. თუმცა, ჯერ კიდევ შემწევს უნარი და ძალა ვმართო საკრებულო, გავახორციელო პროექტები და ჩემი მუნიციპალიტეტისა და ამომრჩეველის წინაშე ის პასუხისმგებლობა, რომელიც მაქვს, სასიკეთოდ მივიყვანო ბოლომდე, _ ამბობს დარჩია და აღნიშნავს, რომ მოადგილის პოსტზე, მისი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ღურჯუმელიძეს წარადგენს:
_ რაც შეეხება მოადგილის პოსტს, მე სრულ ნდობას გიორგი ღურჯუმელიძეს ვუცხადებ. კი, ბატონო, ლელა საჯაიას დამსახურება დიდია, აქტიური ქალბატონია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მოადგილე ღურჯუმელიძე იქნება. ჩვენ არჩევნები არ წაგვიგია, პარტიამ დიდი შედეგი დადო და სოფლებში 36 დეპუტატი გვაყავს გაყვანილი.
დარჩიამ კონსტანტინე შარაშენიძესთან ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ აუცილებლად ითანამშრომლებს მასთან ოზურგეთის მოსახლეობის საკეთილდღეოდ და მასტან ურთიერთობის არანაირი პრობლემა არ გააჩნია.
რაც შეეხება ლელა საჯაიას, ის უარყოფს ინფორმაციას, რომ მას მოადგილეობა სურს და აღნიშნავს, რომ გიორგი ღურჯუმელიძე ყველანაირ თანამდებობას გაართმევს თავს. რაც შეეხება, იმას, ვინ იქნება კომიესიების თავმჯდომარეები, საჯაიას თქმით, ამასთან დაკავშირებით გუნდს საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.
რაც შეეხება იმას, რომ მის ზურგს უკან კალაძე დგას, კალაძესთან ახლო ურთიერთობას არ უარყოფს დეპუტატი და ამბობს, რომ კალაძე და მისი მეუღლე ბავშვობის მეგობრები და უახლოესი მეზობლები არიან.
_ მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა პარტიისა და კალაძის მიმართ“, _ ამბობს საჯაია.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციას, რომ ფრაქცია “ქართულ ოცნებას“, სოფელ კონჭკათის მაჟორიტარი დეპუტატი გელა აროშიძე ჩაიბარებს, _ „გურია ნიუსთან საუბრისას ადასტურებს დავით დარჩია.