„გვრჩება ერთადერთი გზა, საყოველთაო წინააღმდეგობა, საყოველთაო პროტესტი, მშვიდობიანი, გრძელვადიანი უწყვეტი პროტესტის გზით ჩამოვაშოროთ საქართველოსთვის საშიში ხელისუფლება“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ევროატლანტიკური მომავლისთვის საშიში მოვლენაა.
„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ დაინახა ის, რასაც თითოეული ჩვენგანი ვხედავთ მრავალი წელია. ივანიშვილის ხელისუფლება- ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საშიში მოვლენა. ივანიშვილის ხელისუფლება არ არის მომართული ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალზე. მან არაფრად ჩააგდო ისეთი მაღალი რანგის მედიაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლის ხელმძღვანელობით მიდიოდა თბილისში. მან წერტილი დაუსვა პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ამბავს. ამიტომ ჩვენ, საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე შეგვტკივა გული, გვრჩება ერთადერთი გზა, საყოველთაო წინააღმდეგობა, საყოველთაო პროტესტი, მშვიდობიანი გრძელვადიანი უწყვეტი პროტესტის გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას საქართველოსთვის საშიში ხელისუფლება“, – აცხადებს დათუნაშვილი.