თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სს „თბილავიამშენის“ ყოფილი აქციონერების სარჩელი, მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს იმ გარიგებების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომელთა საფუძველზეც შპს „თბილავიამშენის“ პარტნიორებმა 100% წილი, ხოლო სს „თამ თბილავიამშენის“ 22-მა აქციონერმა კუთვნილი აქციები უსასყიდლოდ დაუთმეს სახელმწიფოს.
სასამართლო ეხმიანება, მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მცირე დროში, საქმის მასალების სრულყოფილი შესწავლის გარეშე იქნა მიღებული.
“საქმე, სასამართლოში განსახილველად შემოვიდა 2013 წელს, მას შედეგ ჩატარდა არაერთი სხდომა, დაიკითხნენ მოწმეები და გამოკვლეულ იქნა მრავალი მტკიცებულება. საქმის განხილვის პროცესში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო რამდენჯერმე შეიცვალნენ მომხსენებელი მოსამართლე და კოლეგიის წევრები, მათ შორის თავდაპირველი მოსამართლე ლია ავალიშვილი. 2017 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა 12 ახალი მოსამართლე და საქმეთა სიმრავლის გამო, მოსამართლეთა განტვირთვისა და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მოხდა საქმეთა გადანაწილება ახლადდანიშნულ მოსამართლეებზე, რის გამოც საქმე გადაეცა მოსამართლე სოსო ღურწკაიას. 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, სოსო ღურწკაიას აცილების თაობაზე, რის შემდეგაც „საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისთვის დაკისრების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, დადგენილი რიგითობის წესით აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს. ამდენად, ლევან მიქაბერიძე საქმეში ჩაერთო 2017 წლის ივნისიდან, ხოლო საქმე პროცესუალური თვალსაზრისით იმყოფებოდა მხარეთა შეკითხვების ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს რომ საპროცესო მოქმედებათა უმრავლესობა უკვე ჩატარებული იყო, ამასთან სასამართლომ უზრუნველყო მხარეები ესარგებლათ გონივრული ვადებით, მათ შორის საპაექრო სიტყვებისთვის სრულყოფილად მომზადების მიზნით. მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს, ჰქონდა საკმარისი დრო სრულად გასცნობოდა საქმეს, ამავდროულად, საქმის თითოეული დეტალი, კოლეგიის ყველა წევრის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი და საბოლოო გადაწყვეტილებაც, შესაბამისად გონივრულ ვადაში გამოცხადდა.
სასამართლო დასაბუთებული გადაწყვეტილება, მხარეებს კანონით დადგენილ დროს, გამოცხადებიდან 20-30 დღის ვადაში ჩაბარდებათ”, _ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.