ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგების შემდეგ სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა, თუმცა, თბილისის სამ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს არ განახლებულა. ესენია 132-ე, მე-2 და 76-ე ბაღები. ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა.
გვანცელაძის ინფორმაციით, 132-ე და მე-2 ბაგა-ბაღში ტექნიკური შეფერხებაა და სასწავლო პროცესი ორ კვირაში განახლდება.
რაც შეეხება ორხევში მდებარე 76-ე ბაგა-ბაღს, ბაღში სააღმზრდელო პროცესი შარშან დეკემბერში შეწყდა, მიზეზი კი გაზის სუნი გახდა.
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ახლა ექსპერტები მოკვლევას აწარმოებენ და შესაბამისი დასკვნის მიხედვით ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
რაც შეეხება დანარჩენ საბავშვო ბაგა-ბაღებს, კახაბერ გვანცელაძის თქმით, ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექცია და გენერალური დასუფთავების სამუშაოები ორი დღის წინ დასრულდა.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი შემოწმდება და გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში,”_განაცხადა გვანცელაძემ.