თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუას ადვოკატები მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ, პროკურორი კი აცხადებდა, რომ გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს.
„რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, რასაც დაცვის მხარე აყენებს, თავისთავად, ამ გარემოებას ჩვენ არ დავეთანხმებით, რადგან არავითარი ახალი გარემოება აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა, არ არსებობს. რაც შეეხება სამხილებს, რაც აქამდე არსებობდა ბრალდების მხრიდან, ძალაშია“,- განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.