თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე გახდეს. ამის შესახებ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.
როგორ აბესაძე განმარტავს, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. მისივე თქმით, მგზავრობის ერთიან სისტემაში სამარშრუტო ტაქსებიც ჩაერთვებიან.
„მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. მგზავრობის საფასურს ქეშით ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, – განაცხადა აბესაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლება აღარ ექნება და მას მგზავრობის საფასურის საწყისი თანხის გადახდა მოუწევს.