თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. 31 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp) და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი (Adrian S.W. Tordiffe) ჩამოვლენ. 30 ოქტომბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლები დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ ოპერაციისა და გაშუქების რეგულაციების შესახებ.
ოპერაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა თბილისის ზოოპარკის მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ (EAZA), მარიო ჰოედმეკერი (Marjo Hoedemaker). თბილისში იმყოფება BBC-ის გადამღები ჯგუფიც. ამჟამად ზოოპარკში საოპერაციო ვოლიერის მოწყობისა და ტექნიკური აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
აზიური მამრი სპილო გრანდი ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს, უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა. პირველი ოპერაცია გრანდს 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.
„სპილო გრანდის გადასარჩენად ურთულესი ოპერაციის ჩატარება უკვე მეორედ გვიწევს. საფრთხეები კვლავაც არსებობს. ასეთი მძიმეწონიანი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზედ სარისკოა. ხშირად ისეც ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ ვერ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. ოპერაციისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ – მოწვეული გვყავს მსოფლიოში ცნობილი, გამოცდილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი. საოპერაციო ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ თემით მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების ავტორი, BBC დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. იმედია, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და გრანდი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
დამთვალიერებლები ოპერაციას ზოოპარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით მიადევნებენ თვალყურს.