თბილისის ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტს, 35,5 პროცენტს, კორონავირუსი გადატანილი აქვს. ამის შესახებ მათგან მხოლოდ მესამედმა იცის, ლაბორატორიულად დადასტურებულად.
კვლევის შედეგები რადიო თავისუფლებას თენგიზ ცერცვაძემ გააცნო.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევით მარტში 903 ისეთი პირი შეარჩიეს, რომელსაც ლაბორატორიულად კორონავირუსი დადასტურებული არ ჰქონდა. მათგან 215 პირს IGG ანტისხეულები – იმუნური ფენა აღმოაჩნდა. 903 პირის შედეგები, რადგან ის წარმომადგენლობითი იყო, თბილისის მოსახლეობაზე – 859 ათას ადამიანზე განაზოგადეს.
თბილისში, კვლევის შედეგების მიხედვით:
კორონავირუსი 305 ათასმა ადამიანმა გადაიტანა;
ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა 100 ათასზე მეტ პირს;
კოვიდი რომ გადაიტანა, არ იცოდა 204,5 ათასზე მეტმა პირმა.
“ეს ნაწილი შეადგენს იმუნურ ფენას ანუ აქვთ იმუნიტეტი კოვიდის მიმართ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველას, ვინც ვირუსი გადაიტანა, არ ჰქონდეს ასეთი იმუნიტეტი, მაგრამ ასეთი პირების რაოდენობა მცირეა და ვერ ახდენს გავლენას საერთო სტატისტიკაზე”, – თქვა ცერცვაძემ.
მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კოვიდგადატანილი მოსახლეობის 2/3-მა არ იცის, რომ ვირუსი ჰქონდა, მათ ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ. დაყოვნების პერიოდი, რომელიც ქვეყანაში არსებობს (გამოჯანმრთელებიდან 120 დღე), მხოლოდ იმის გამოა დაწესებული, რომ ვაქცინა იმ პირებს შეხვდეთ, რომელთაც ამ ეტაპზე იმუნიტეტი არ აქვთ.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 299 038 შემთხვევა. მათგან 282 869 გამოჯანმრთელების. ჩOVID-19-ით გარდაცვლილია 3971 ადამიანი.
წყარო: რადიოთავისუფლება