თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით პეტიცია, რამდენიმე დღის წინ, მოქალაქე ლადო გოგოლაძემ შექმნა და მას ხელს 10 000 ადამიანი, როგორც საქართველოდან, ასევე, საზღვარგარეთიდან უკვე აწერს.
„არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელ დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა, მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის“, _ ამბობს გოგოლაძე.
როგორც „გურია ნიუსს“ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში უთხრეს, აღნიშნული ინიციატივა მათთან ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის. თუმცა, კომისიაში მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის შესახებ განცხადება ტატუნაშვილის ტრაგედიამდე რამდენჯერმეა შესული და კომისია ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობს.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დაბა ახალ გორში დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტატუნაშვილმა დაკითხვისას წინააღმდეგობა გაუწია ბადრაგს, იარაღი წაართვა, რის გამოც, მისი განეიტრალების მიზნით, ბადრაგებმა ძალა გამოიყენეს, რა დროსაც, კიბეზე დაგორდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
გარდაცვალების ვერსია საეჭვოა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რადგან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას აჭიანურებდა რუსეთში ექსპერტიზის ჩატარების საბაბით.
არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის ფაქტზე შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირშიც.
ცხედარს გადმოსვენების შემდეგ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მას მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს…
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.