შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.პ. და 2001 წელს დაბადებული ლ.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაგეგმეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საფოსტო გზავნილით შეძენა და ე.წ „დადების მეთოდით“ გასაღება. დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი მასა, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.
წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების „დადების“ ორგანიზების მიზნით დაკავებულები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს.