არსებობენ ბრძენი ცოლები. ისინი, ერთი შეხედვით, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ, მაგრამ ქმრები „კუბოს ფიცრამდე“ მოჯადოებული ჰყავთ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ქალებმა კაცების ხასიათის გასაღებს მიაგნეს და მისი ოსტატური გამოყენებაც ისწავლეს. სცადეთ, იქნებ თქვენც გამოგივიდეთ.
ნუ შეადარებთ თქვენს მეორე ნახევარს მეგობრების ქმრებს. ჯერ ერთი, რაც ბრჭყვიალებს, ყველაფერი ოქრო არ არის და მეორეც – ქმარი ამას იმახსოვრებს და თითქმის არასდროს ივიწყებს.
მამაკაცის დამცირება, მისი ირონიული მეტსახელებით შემკობა და დაცინვა, საკმაოდ მძიმე შედეგებით მთავრდება. მამაკაცის თავმოყვარეობაზე თამაში ძალიან სახიფათოა. ის ამას არ გაპატიებთ.
ნუ შეეკამათებით მწვავედ და ნუ შეეცდებით, თავზე ძალით მოახვიოთ თქვენი აზრი. უმჯობესია, ისე განაწყოთ, თქვენი აზრი თავისად მიიჩნიოს. მაშინ, ადვილად დაჰყვება ნებას. თანაც ისე, რომ თავმოყვარეობა არ შეელახება.
მამაკაცებს განსაკუთრებულად უყვართ, როცა აქებენ. ნუ დაიზარებთ და ხშირად შეაქეთ. თუნდაც ზოგჯერ არც იმსახურებდეს. ეს ის დივიდენდია, რომელიც თქვენთვის სასურველ „პროცენტებს“ მოგიტანთ.
შეეცადეთ, არ მოუწყოთ ეჭვიანობის მძაფრი სცენები. ცრემლები… ისტერიკები… თვალთვალი – ეს ყველაფერი უპირველესად თქვენ დაგამცირებთ, ქმარს კი გადარევს. აჯობებს, მეტი იფიქროთ დასვენებაზე, გარეგნობასა და გართობაზე, რათა ხშირად იყოთ კარგ გუნებაზე. ამით ქმარს „აიძულებთ,“ „გამაფრთხილებელი სიგნალი“ ჩართოს და მეტი ყურადღება დაგითმოთ.
ნუ გამოიყენებთ ჩხუბის დროს ფრაზებს: „გეყრები დაუყოვნებლად!“, „მე შენ მძულხარ!“ „წაიღე შენი ნივთები და წადი, არაფერში მჭირდები!“ – მართლა რომ გაიხუროს კარი, მერე რას აპირებთ? მზად ხართ ამისთვის?!
და ბოლოს… თუ გიყვართ, აჩვენეთ ეს სიყვარული დაუნანებლად და სანაცვლოდ, ნურაფერს მოითხოვთ. მით უფრო, კაპრიზული ტონითა და საყვედურებით.
ავტორი