საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ხდება, გამოძიების ერთადერთი მიზანი დამნაშავის პოვნა და ისეთი შედეგის დადებაა, რომელსაც სხვა შესაძლო შემთხვევებისთვის გადამარწმუნებელი ეფექტი ექნება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ეფექტური გზები არსებობს იმისთვის, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებულ პრობლემებს არ წავაწყდეთ არა მხოლოდ არასრულწლოვანთა ნაწილში, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე გზა არსებობს და მიზნის მისაღწევად ყველა ამ გზის გამოყენებაა საჭირო.
„პირველი გზა და ტრაგიკული გზა სწორედ გამოძიებაზე გადის, რადგან როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ხდება, გამოძიების ერთადერთი მიზანი ის არ არის, დამნაშავე იპოვოს, თუ ასეთი არსებობს და ციხეში ჩასვას. გამოძიების მთავარი მიზანია, ისეთი შედეგი დაიდოს, რომელსაც სხვა შესაძლო შემთხვევებისთვის გადამარწმუნებელი ეფექტი ექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე გზა ისაა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ, არა ერთმა პოლიციელმა და პროკურორმა გაიარა გადამზადების კურსი და დღეს, ამ კოდექსით აკრძალული გვაქვს, ბავშვი, მოწმე, დაზარალებული ან ბრალდებული იმან დაკითხოს, ვისაც ამგვარი გადამზადება გავლილი არ აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რადგან გამომძიებელი თავად არის პატიმრობაში და ეს ალბათ მოწმობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწრაფად იძიებს საქმეს.
წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რამდენიმე კვირის წინ ამუშავდა დიდი და რეზონანსული რეფორმის შედეგად და ამ საქმის გამოძიება მათთვის დიდი გამოწვევაა.
„მათ უნდა აჩვენონ, რომ გამოძიება მაქსიმალური ხარისხის სანდოობით იქნება აღჭურვილი საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა წულუკიანმა.