საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უხელმძღვანელებს.
ალექსანდრე ბარამიძე 2012 წლის ოქტომბრიდან − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ამასთან, ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის სამინისტროს საპარლამენტო მდივანია.
ალექსანდრე ბარამიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობისა და იურიდიული ფაკულტეტები. მან ტრენინგები გაიარა ამერიკული და საერთაშორისო სამართლის ცენტრსა (პლანო, ტეხასის შტატი) და ადვოკატთა ეროვნულ ინსტიტუტში (ლუისვილი, კოლორადოს შტატი). იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო ადვოკატი საერთო სპეციალობით. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მედიასამართალში, საერთაშორისო სამართალსა და ადვოკატთა უნარ-ჩვევებში.