იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრმა რეფორმის მნიშვნელობასა და ამ დროისთვის არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. კერძოდ, 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 307 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიწაზე საკუთრების უფლება ბარიერების გარეშე დაირეგისტრირა; მოქალაქეთა მხრიდან მომართვიანობა კი რეფორმის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ, საშუალოდ, ხუთჯერ არის გაზრდილი. აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად შესრულების უზრუნველყოფისთვის საჯარო რეესტრის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიწის რეფორმაში ჩართულია საჯარო რეესტრის, ჯამში, 423 თანამშრომელი, აქედან უშუალოდ რეგისტრატორია 310, ხოლო დანარჩენი 113 თანამშრომელი სააგენტოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებშია დასაქმებული. თითოეულ რეგისტრატორს დღეში საშუალოდ 60 სარეგისტრაციო საქმის განხილვა უწევს.
საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ, რეფორმაში ჩართულ რეგისტრატორებს და საჯარო რეესტრის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა. იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა კოლეგა უწყებების მნიშვნელოვანი როლი და მათი საჯარო მოხელეების დაუღალავი შრომა წარმატების გზაზე.
თანამშრომლებს გაღებული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძემაც და რეფორმის წარმატებით გაგრძელების გზებზე ისაუბრა.
საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ფუნიკულიორის კომპლექსში გაიმართა, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ კანონი 2016 წლის 1 აგვისტოს ამოქმედდა და ძალაშია 2018 წლის 1 ივლისამდე. კანონი მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას მოქალაქეები სხვადასხვა მომსახურებით უფასოდ სარგებლობენ. კერძოდ, საფასურის გარეშე ხორციელდება: საჯარო რეესტრის მიერ მოქალაქის ინტერესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება, აზომვითი ნახაზის შესრულება.
რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრი პროაქტიულად ეხმარება მოქალაქეებს საბუთების მოძიებაში, ეროვნული არქივიდან თუ შემოსავლების სამსახურიდან სხვადასხვა ამონაწერის გამოთხოვაში, გადაფარვების გამოსწორებაში და სხვ. ასევე სადავო მიწის ნაკვეთებზე მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაციას საჯარო რეესტრი თავად უნიშნავს, რის შედეგადაც 575 კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა. ამჟამად 700-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანაა დანიშნული და მიმდინარეობს მხარეთა მორიგების პროცესი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისით უკვე 1 487 მოქალაქემ უფასოდ ისარგებლა. რეფორმის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფოს სახელით ეკონომიკის სამინისტრომ 170 503 აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფასური აანაზღაურა. მთლიანობაში, მოქალაქეებმა ამ რეფორმის შედეგად 16 047 196 ლარი დაზოგეს და საკუთარი მიწა, რომელსაც წლების მანძილზე ვერ ირეგისტრირებდნენ, ბარიერების გარეშე გაიფორმეს.
მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. (R)