როგორ იქცა ზაფხულის დასაწყისი ევროპისთვის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ პერიოდად?
ევროპის არაერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ივნისის ბოლოსთვის გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ჯანმოს შეფასებით ევროპული სახლები, სკოლები და სამუშაო ადგილები მსგავსი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული.
ბოლო დღეებში ძლიერი სიცხის ფონზე გაჩნდა ტყის ხანძრებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და შეფერხდა ტრანსპორტის მუშაობა, ზოგიერთ ქალაქში გაჩნდა სურსათის დეფიციტიც.
29 ივნისის მონაცემებით, ევროპაში რეკორდულ სიცხეს უკვე 1 300-ზე მეტი დამატებითი გარდაცვალება უკავშირდება.
მსხვერპლთა უმრავლესობა ხანდაზმულია. ესპანეთში კი ჯანდაცვის ინსტიტუტის შეფასებით, 327 ადამიანი დაიღუპა სიცხესთან დაკავშირებული მიზეზებით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საბოლოო მონაცემები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სტატისტიკის დამუშავება კვლავ მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, პარიზში აიკრძალა ალკოჰოლის საჯარო სივრცეში მიღება გაუქმდა პრაიდის მარში, და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი მასშტაბისა და ინტენსივობის სიცხის ტალღები მომავალში უფრო ხშირი და ხანგრძლივი გახდება.
ერთ-ერთი ტერმინი, რომელიც ხშირად ისმის მსგავსი მოვლენების განხილვისას, ელ ნინიოა, ბუნებრივი კლიმატური მოვლენაა რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ამინდზე და საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდასაც შეუწყოს ხელი. ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ ისაუბრა.





































































