გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა „გურია ნიუსს“ გურიაში იანვრის ბოლო დღეებისა და თებერვლის თვის დასაწყისის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ესაუბრა.
მისი თქმით, დღეს დაბლობში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს ჰაერის ტემპერატურაც მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა 1-ლი თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
“უმეტეს რაიონში შენარჩუნდება წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. გუშინ დაფიქსირდა +18, +19 გრადუსი და ტემპერატურა დაახლოებით 7 გრადუსით დაიკლებს. +10, +12 გრადუსია მოსალოდნელი.
მთიან რაიონებში იქნება +8, +10 გრადუსი და მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
30 იანვარს ღამის საათებში ზოგან შენარჩუნდება ნალექი და დღისით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით მოიმატებს და მოსალოდნელია 13 გრადუსამდე დათბეს. ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებში. 31 იანვარს დღის საათებში მთაში და მაღალ მთაში იწვიმებს, 1-ლი თებერვლიდან 4 თებერვლის ჩათვლით კი უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. ღამით ყინვები მოსალოდნელი არ არის. 4 თებერვლის ჩათვლით ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა იქნება დაახლოებით +6 გრადუსი დაბლობ რაიონებში, მთიან რაიონებში შესაძლებელია -1, +4 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -5, 0. დღის მაქსიმალური ტემპერატურა 1-2 თებერვალს დღის საათებში შესაძლებელია +17, +19 გრადუსი. 5 თებერვალს შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება, მაგრამ თოვლი მოსალოდნელი არ არის“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.