ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ გაჭირვებულ ბენეფიციართათვის უფასო კვების მომსახურებას, გამარჯვება შპს „ელიმ“ მოიპოვა.
„გურია ნიუსს“ სასადილოს ბენეფიციარებმა შეატყობინეს, რომ ეს ის ცნობილი შპს „ჩიხურაა“, რომლის ხელმძღვანელის, ეკა კობერიძის წინააღმდეგაც , წლების წინ არაერთი პროტესტი გამოთქვეს უხარისხო საკვების მიწოდების, სისტემატიური ანტისანიტარიის გამო.
_პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ სამი წელია, თავი ადამიანებად ვიგრძენით, საუკეთესო კვება და სისუფთავე გვაქვს. თავს გვევლებიან. „ჩიხურამ“ კი, წლების წინ, აყროლებული „ბალანდით“ კინაღამ სული ამოგვხადა. რამდენჯერ გავაპროტესტეთ, მედიაც აშუქებდა ამ ამბავს მაშინ. ახლა, გავიხედეთ და სახელშეცვლილი გვიბრუნდება. ჩვენ ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გაგვარკვიონ, ამ ქვეყანაში როგორ ხდება , რომ არაერთხელ „გაშავებული“ და გაძევებული ასეთი ორგანიზაციები კვლავ ახერხებენ სახეცვლილებას, ტენდერებში მონაწილეობას და უპირობო გამარჯვებასაც კი? ჯერ ასე დავიწყეთ. გვაქვს ჟურნალისტების იმედი, რომ გაახმოვანებთ ამ ფაქტს. მერე კი, ვიცით რასაც ვიზამთ. რაც თავი გვახსოვს და მაგ სასადილოში დავდივართ, ადამიანად და დანაყრებულად ვიგრძენით თავი ახლა. 180 ბენეფიციარია ამ სასადილოში და რომელია უკმაყოფილო, ერთი სიტყვა თუ თქმულა სასაყვედურო, იკითხეთ. ადამიანივით რომ მოგექცევა, ის ხელისუფალია კარგი. კონკრეტულ გვარებს არ ვასახელებთ ახლა, _ გვითხრა ოზურგეთის უპოვართა სასადილოს ბენეფიციარმა ცავლინა აფხაზავამ.
_ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და გავარკვიეთ, რომ ეს „ელი“ იგივე „ჩიხურაა“. მისი ხელმძღვანელი ეკა კობერიძე დღემდე ახერხებს, ამოეფაროს ახალ სახელს. საკმარისია, რა აყროლებული ბორში და სუპი გვახვრეპინეს წლების წინ. ის რომ მოვინელეთ, პასუხისგებაში მიცემის გარეშე რომ დაგვისხლტა, ხომ არ უკვირს მაგ „ჩიხურას“? სხვისი სახელით გაძრა-გამოძვრა და კვლავ „გამარჯვებულად“ გამოგვეცხადა. მაშინ ის კი მოხერხდა, რომ სეს-ის რეგიონულმა სამსახურმა, საშინელი ანტისანიტარიის გამო, ის სასადილო დაკეტა. დროებით გადმოვედით გრიბოედოვის ქუჩაზე, საბანკეტო დარბაზ „ნატალიში“, რომლის მფლობელმა ნათია ღლონტმა მოიგო შემდგომი ტენდერი. (ნათია ღლონტი ახლანდელ ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა გამარჯვება „ელიმ“ მოიპოვა. ავტ.) მას შემდეგ ამოვისუნთქეთ. ჩვენ, ყველა გავაპროტესტებთ ამ მაფიოზურ სატენდერო ჩაწყობებს. მოხუცებსაა და უპოვარებს თავი დაგვანებონ. რატომ არ გვეშვება ეს ვიღაცა „ჩიხურა“, თბილისიდან „დაგვანაყრებს“ ისევ აქოთებული კომბოსტოთი და კარტოფილით? თვეობით ეყარა სათავსოში ბოსტნეული, ყარდა იქაურობა. იკითხეთ, რატომ დაკეტა მაშინ სეს-მა ჩვენი სასადილო. ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, დაგვაყენონ აქ, ჩატარდეს წესიერი ტენდერი, სადაც არ მოხდება ეს „ჩაწყობა“ და უბედურება. თორემ ჩვენ ვიტყვით ჩვენს სიტყვას, _ ამბობენ ოზურგეთის უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები: რომან ჟღენტი, ანზორ სტეფნაძე, მაიკო იაკობიძე, ნებიე გაბიტაძე, კახა მაღრაძე და სხვები.
ისინი ამტკიცებენ, რომ ეს „ელი“ სახელშეცვლილი „ჩიხურაა“. ეს ცვლილება კი მას დასჭირდა იმის გამო, რომ ნამდვილი სახელით არსად აქვს გამოსაჩენი პირი და არც ტენდერში მო ნაწილეობის უფლებას მისცემდნენ.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, ტენდერში გამარჯვებული შპს „ელი“ მართლა არის თუ არა სახელშეცვლილი „ჩიხურა.“ ჩვენ მიერ მოპოვებული არაერთი ინფორმაციით, მყარდება ვერსია, რომ ეს ასეა.
სატენდერო მონაცემებით, შპს „ელის“ ხელმძღვანელი ილია რევაზიშვილია.
უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები გვარწმუნებენ, რომ ილია რევაზიშვილი ეკა კობერიძის „მოძიებული კადრია“.
_ნახავთ, თუ ოზურგეთის უპოვართა სასადილო, სკანდალის წინაშე არ აღმოჩნდება, _ ამბობენ ისინი.
მიუხედავად „გურია ნიუსის“ მიერ გახორციელებული არაერთი სატელეფონო ზარისა, ილია რევაზიშვილმა არ გვიპასუხა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, „ელი“ არის სახელშეცვლილი „ჩიხურა“.
ასევე ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, 2020 წლის ივნისიდან შემოსავლის მქონე შპს „ელის“ მფლობელს ნულოვანი დეკლარაცია აქვს.
„გურია ნიუსი“ განაგრძობს თემაზე მუშაობას და დეტალურ ინფორმაციას მალე შევთავაზებთ ჩვენს მკითხველებს.