მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე იგონებდა:
„როდესაც თენგიზ არჩვაძე სადღეგრძელოს ამბობს, ვერ იტანს, თუ ვინმე ლაპარაკობს. ერთხელ რაჭაში ვართ. ქეიფსა და ერთმანეთის სიყვარულში ალიონიც წამოგვეპარა.
თენგიზი სადღეგრძელოს ამბობს და ყველას უხარია – ხესაც, კავკასიონსაც, ზემოდან რომ დაგვცქერის. ასეთი განწყობა ახლავს თენგიზის სადღეგრძელოს და ამ დროს მამალმა არ დაიყივლა?
თენგიზი გაჩერდა, მამალიც გაჩერდა. თენგიზმა განაგრძო სადღეგრძელო და ბიჭოს, მამალმა ისევ დაიყივლა. თენგიზი ისევ გაჩერდა, მაგრამ მესამედაც იგივე რომ განმეორდა, გაგულისებული წამოდგა და ხის ტოტი შეირხა. მამალი ტოტიდან კი აფრინდა, მაგრამ თენგიზს შემოაჯდა მხარზე და ამჯერად ყურთან დაჰყივლა!
იმ მამალს “თენგიზის მამალი” დავარქვით. ვინც მაშინ რაჭაში ამ დიდი მსახიობის ნახვა ვერ მოახერხა, მამლის სანახავად მოდიოდა ხოლმე”.