საკარანტინო ზონიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქციის გატანა არ შეფერხებულა. იქ მიმდინარეობს რძის, ფრინველისა და კვერცხის, ფქვილის წარმოება, ეს პროდუქცია ჩვეულებრივად გამოდის ამ რაიონებიდან. არანაირი განსაკუთრებული დამუშავება ამ პროდუქტს არ სჭირდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ „დილის შოუში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განაცხადა.
„მარაგებთან დაკავშირებით სამინისტროში პირველივე დღიდან შეიქმნა შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და უშუალოდ მინისტრი კურირებს. ჩვენ დავიწყეთ მარაგების შესწავლა, რა მარაგებია საბითუმო ბაზებში, საცალო ვაჭრების ქსელში, რა მოლოდინები გვაქვს და ა.შ. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა მარაგებთან დაკავშირებით არაა. ამის ძალიან ნათელი მაგალითია ის, რომ იმ ორ დღეში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მოსახლეობამ გარკვეული პროდუქციის მომარაგება დაიწყო, გაჩნდა მარკეტებში რიგები, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი ძალიან მარტივად გადავიტანეთ, დახლებზე დეფიციტი არ შექმნილა და ჩვენი შტაბი მუდმივად აკონტროლებს როგორც მარაგებს, ასევე იმას, რომ ფასები არ იზრდებოდეს“, – განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, საკარანტინო ზონიდან შემოსული პროდუქტი არაა საშიში და მას განსაკუთრებული დამუშავება არ სჭირდება.
„იმ ქვეყნებში, რომლებმაც პიკი გადაიარეს, მათ შორის ჩინეთში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთმა უკვე გახსნა თავისი საწარმოები და დაიწყო ექსპორტი. ასევე ჩვენთან, საკარანტინო ზონიდან, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქციის გატანა არ შეფერხებულა. იქ მიმდინარეობს რძის, ფრინველისა და კვერცხის, ფქვილის წარმოება, ეს პროდუქცია ჩვეულებრივად გამოდის ამ რაიონებიდან. არანაირი განსაკუთრებული დამუშავება ამ პროდუქტს არ სჭირდება. სასურველია, კარგად გავრეცხოთ ხილი, ბოსტნეული და ნებისმიერი სხვა პროდუქტი, და ეს ყოველთვის ასე უნდა დამუშავდეს“, – აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე.