განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, როდესაც დღეში ერთეული შემთხვევები გვიფიქსირდებოდა. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა და რეგულაციებს არ ასრულებდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ცერცვაძემ მოქალაქეებს ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„რეკომენდაციები იგივე რჩება, რომლებიც აქამდე არსებობდა. მთავარი და სიახლე ის არის, რომ ის რეგულაციები, რომლებიც გაწერილია, მოსახლეობამ უკეთესად შეასრულოს. განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, როდესაც დღეში ერთეული შემთხვევები გვიფიქსირდებოდა. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა და რეგულაციებს არ ასრულებდა. ეს არის ელემენტარული პირბადე, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება და ხელების ჰიგიენა. მინდა აბრაამ ლინკოლნის ფრთიანი ფრაზით მივმართო მოსახლეობას, „ყველანაირი საფრთხე მოგვარებადია, მაგრამ რწმენა იმისა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, თავად არის სერიოზული საფრთხის შემცველი”. მინდა, ყველამ გაითავისოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ აქამდე საქართველო ყველა ქვეყანაზე უკეთ გაუმკლავდა ინფექციას, საფრთხე არ არის ჩავლილი. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი “, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.