კორონავირუსისგან ადამიანის დაცულობა ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობით არ განისაზღვრება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, დიდი რაოდენობით ანტისხეულების მქონე ადამიანი, ნაკლები ანტისხეულების მქონესთან შედარებით კოვიდინფექციისგან მეტად დაცული არ არის.
„სხვაგვარად, რომ ვთქვათ, თუ მე მყავს ჯარი, 600 ჯარისკაცის ოდენობით, ეს არ ნიშნავს, რომ ექვსასივე ბრძოლისუნარიანია და ვისაც ჰყავს 300 ჯარისკაცი, ის ნაკლებად დაცულია. არა, იმას შეიძლება 300-დან 290 ჰყავდეს ბრძოლისუნარიანი და ჩემი 600-დან 100 იყოს ბრძოლისუნარიანი“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ანტისხეულების ანალიზის გაკეთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან ანალიზში მოცემული ციფრები, გარკვეულწილად პირობითია და ზუსტ შედეგს არ ასახავს.