კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, შეზღუდვების მოხსნა რისკისა და სარგებლის შედარების პრინციპით მოხდება. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “დღის კურიერში” ისაუბრა:
“ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის პრობლემები, მათი პროტესტიც, ეკონომიკის სიძნელეებიც, ის რომ თითოეული მოსახლის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა მაგრამ ყველა სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ რისკის და სარგებლის პრინციპით, თითოეული შეზღუდვის მოხსნით რას მივიღებთ მეტს – სარგებელს მოსახლეობისათვის თავისუფლების, ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით, თუ რისკს ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების, რომელიც გადაფარავს შემდეგ ამ ეკონომიკურ სარგებელს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირების დადებითი შემთხვევები მაჩვენებელი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა უახლოეს მომავალში მოიხსნას:
“მე კონკრეტული ინფორმაცია რისკისა, თუ რომელი კონკრეტული შეზღუდვის მოხსნაა დაკავშირებული მეტ რისკთან და რომელია გამართლებული და რომელი არა, არ მაქვს. ამიტომ მე კონკრეტულ რეკომენდაციას, რომ დღეს რომელიმე შეზღუდვა მოიხსნას ვერ გავცემ. მე შემიძლია გავცე მხოლოდ ის, რომ მხარს ვუჭერ შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად გონივრულად და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. თუ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე ქვემოთ და ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ, რამდენიმე დღე კიდევ მოვითმინოთ და როცა ყველა პირობა იქნება, რომ უმტკივნეულოდ და რისკის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვები, მოვხსნათ. მთელი მთავრობა ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე მუშაობს, ვინმეს ნუ იფიქრებს, რომ მხოლოდ მოსახლეობა წუხს ამაზე და ბიზნესი. ამით შეწუხებულია ყველა, ვინც პასუხისმგებელია შეზღუდვების შემოღებაზე და მოხსნაზე. როგორც კი იქნება შესაძლებლობა, რომ მოიხსნას ესა, თუ ის შეზღუდვა დამიჯერეთ მოიხსნება, არ დაგვიანდება, პირიქით, შეიძლება წინსწრებითაც მოხდეს,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
წყარო: Rustavi2