“თეთრი ხალათების“ აქციას ოზურგეთელი ექიმები შეურთდნენ. “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება მისმა არაერთმა კოლეგამ მდუმარე აქციით გააპროტესტა.
დავით ჩანტლაძე, ექიმი:“ჩვენ არაერთი სახელოვანი მამულიშვილი გვყავდა და გვყავს, მათ შორის სამედიცინო წრეებიდან. ეს ადამიანები ყოველდღე დანის წვერზე გადიან და ზნეობრივ ღირებულებების მაგალითებს აჩვენებენ.
“ფიზიკური მზე ვიცით, რომ აღმოსავლეთიდან ამოდის, ზნეობრივი მზე ზოგჯერ საქართველოდანაც ამოაშუქებს – ამის ნათელი მაგალითია ვაჟა გაფრინდაშვილი. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ არ დაიშურონ ძალ-ღონე, რათა ის დროულად იქნეს გათავისუფლებული ტყვეობიდან”, _ გვითხრა დავით ჩანტლაძემ.
“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ თქვა, რომ ექიმები აპოლიტიკურები არიან.
“ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი ასრულებდა თავის მოვალეობას, რის დროსაც ის დააკავეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა დროულად და ჩქარ ტემპში იქნას გათავისუფლებული ვაჟა გაფრინდაშვილი“, _ თქვა დავით მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, ის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს.