„თალიბანი“ ქაბულის მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიას აძლევს. ამის შესახებ დაჯგუფების პრეს-სპიკერმა სუჰეილ შაჰინმა BBC-ის განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, სუჰეილი BBC-ის კორესპონდენტს, იალდა ჰაკიმს თვითონ დაუკავშირდა, რათა ქაბულში მცხოვრებებისთვის ეთქვა, რომ „მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება“.
„ავღანეთის და განსაკუთრებით ქაბულის მოსახლეობას ვარწმუნებთ, რომ მათ საკუთრებასა და სიცოცხლეს არაფერი ემუქრებათ. შურისძიება არ იქნება. ჩვენ ამ ხალხისა და ქვეყნის მსახურები ვართ“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, „თალიბანი“ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას ელის.
ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.
15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა.
ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 23 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქვეყნის ძირითადი ქალაქებიდან დედაქალაქი ქაბული ახლა ერთადერთი ადგილია, რომელზეც მთავრობის კონტროლი ამ დრომდე ვრცელდებოდა, თუმცა, დედაქალაქის „თალიბების“ მიერ აღებას ჯერ არცერთი მხარე არ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ, რამდენიმე საათის წინ, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.
1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.
ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
წყარო: იმედინიუსი