საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა:
“მივმართავ შს მინისტრს, რომ დღეს საარჩევნო უბნებში ადგილი აქვს დანაშაულის ფაქტებს. მაგალითად, ნაძალადევში, მე-9 უბანზე, ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. იგივე მოხდა კრწანისში, მე-4 უბანზე, სადაც გამოძახებულია პოლიცია, მაგრამ ჯერაც არავინ მისულა. ამ ყველაფერზე კონკრეტულად იქნება პასუხისმგებელი ბატონი გომელაური. ასევე, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პერსონალურად იქნება პასუხისმგებელი იმ საარჩევნო დარღვევებზე, რაც ხდება დღეს საქართველოში. თავდაპირველად მინდა შევეხო იმას, რაც ხდება ახლა მარნეულში: მსგავსი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ არჩევნების ასე წარმატებულად ჩატარებას. მე შსს- ისევ მივმართავ ჩვენი პარტიის წევრის, აზატ ქარიმოვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სასწრაფოდ დააკავონ და კანონის სიმკაცრით დასაჯონ ამ შემზარავი დანაშაულის მონაწილეები.
ასევე, მივმართავ შსს-ს, რეაგირება მოახდინონ ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე, მაგალითად, მარნეულში, 71-ე და 41-ე უბნებზე”, _ განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწოდებული, დარღვევების ამსახველი ვიდეომასალაც წარმადგინა.