ლანჩხუთის სპორტული ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე თამაზ ღლონტი ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონია.
ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ლანჩხუთელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრამდე ჯერ წინასწარ ეტაპზე, 1/8 ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ხორვატ მოჭიდავესთან ჩაიწერა მოგება, შემდეგ ლიტველ მოჭიდავესთან 1/8 ფინალში 20 წამში მოიგო აშკარა უპირატესობით – 8:0. მეოთხედფინალში ასევე აშკარა უპირატესობით წამებში დაჯაბნა მოლდაველი მეტოქე, ასევე 8:0 ანგარიშით და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი ლანჩხუთელმა ფალავანმა სომეხი მოჭიდავე არ დაინდო, მოუგო 6:1 და ასე გავიდა ფინალში.
სამწუხაროდ ფინალში მისი მეტოქე შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ბულგარელი ძლიერი მოჭიდავე, ვლასლივ კირიკოვი იყო, რომელიც ბულგარეთის ამ ასაკის ნაკრების ლიდერია და თამაზმა ვერაფერი გააწყო და დამარცხდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ვერცხლის მედალი მაინც დიდი მიღწევაა და ყველაფერი წინაა, მითუმეტეს, რომ 20 -26 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება და თამაზს შანსი აქვს რევანშიც აიღოს და პლანეტის რჩეულიც გახდეს. იმედია ფინალის მარცხის სწორი ანალიზი მოხდება და დასკვნებიც გაკეთდება, რაც ახალი წარმატების საწინდარი იქნება.