ამ დრომდე გამოძიებას არ დაუკითხავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თათია ნიკოლაშვილი.
როგორც ცნობილია კვირას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დავით მჟავანაძე და თათია ნიკოლაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სცემეს.
“მე პირადად არ ვენდობი მათ გამოძიებას. აქედან გამომდინარე ვითხოვ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს ჩემი გამოკითხვა. ამ ეტაპზე არავინ დამკავშირებია და აქედან გამომდინარე ველოდები როდის მოხდება მაგისტრ მოსამართლესთან ჩემი დაკითხვა,“ – გვითხრა თათია ნიკოლაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 3 სექტემბერს ჩოხატაურში ნაციონალური მოძრაობის წევრები მაშინ სცემეს როცა ისინი მოსახლეობას ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ და “ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს, მერს დავით შარაშიძეს და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავას ჩოხატაურის გაყიდვაში ადანაშაულებდნენ. მომხდარ დაპირსიპირებასთან კავშირს “ქართული ოცნება” უარყოფს. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო მოხდა და წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულია 4 ადამიანი.
როგორც დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პარკის ან თუნდაც მისი ტერიტორიის ნაწილის გასხვისება დაუშვებელია. ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის განცხადებით კი, საკითხზე მსჯელობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გრძელდება. ტერიტორია კი რომლის გასხვისესაბაც ჩოხატაურის მერია გეგმავს 290 კვადრატულ მეტრს შეადგენს და 15 000 ლარად არის შეფასებული. მერიაში ამბობენ, რომ ბანკის შენობის აშენება ნოდარ დუმბაძის სკვერს საფრთხეს არ უქმნის.
ავტორი