თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია განცხადებას ავრცელებს:
_ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისას საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით, წინასაარჩევნო პროცესში საჯარო მოსამსახურეებისადმი გამოხატული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და პროვოკაციული ქმედებების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს:
· განცხადებებისა და გამოსვლების დროს არ გამოიყენონ სიძულვილის ენის შემცველი ლექსიკა, რაც ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას;
· არ წაახალისონ ძალადობა, რათა საარჩევნო პროცესში გამოირიცხოს ძალადობრივი ინციდენტები, აგრეთვე, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება;
· თავი შეიკავონ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლისგან, რაც აზიანებს საარჩევნო გარემოს, საზოგადოების ერთიანობას და ხელყოფს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ ადამიანის უფლებებს.