ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
“ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, მთელს ისრაელს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.
თბილისის ანძის ისრაელის დროშის ფერებში განათებას გამოეხმაურა საქართველოში ისრაელის საელჩო. „მადლობა თბილისს და საქართველოს გვერდში დგომისთვის“, – წერია საელჩოს გვერდზე.
ბოლო მონაცემებით, “ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, 100-ზე მეტი პირი კი გატაცებულია და ტყვეობაში იმყოფება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე მიტანილი საპასუხო ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია 370-მდე ადამიანი.