დღეის მდგომარეობით, თბილისში, 200-ზე მეტი მიკროავტობუსის მძღოლია დაჯარიმებული. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არის შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსების მძღოლები თვითნებურად იქცევიან, მონიტორინგი კი ყოველდღიურად ტარდება და მსგავს ფაქტებზე რეაგირება ხდება. ასევე, მსგავსი შემთხვევების დროს, მგზავრებს შეუძლიათ, დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე და გადასცენ ინფორმაცია.
„ბოლო პერიოდში მგზავრთა ნაწილის მხრიდან გვესმის პრეტენზიები მიკროავტობუსის მძღოლებთან მიმართებით, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიკროავტობუსების მძღოლი არ აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას და არ აძლევს გადაადგილების შესაძლებლობას. პირველ რიგში, უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებაში თავისუფალი ადგილის არარსებობით და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა, არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. ჩვენ მონიტორინგს ვატარებთ. არის შემთხვევები, რომ მიკროავტობუსში ადგილებია, მაგრამ მძღოლი არ აჩერებს. ეს დამოკიდებულება მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება. მინდა, მივმართო მგზავრებსაც, ვისაც გექნებათ ანალოგიური შემთხვევა, აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება ყოველთვის მოჰყვება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, რეფორმა, რომელიც დედაქალაქის მერიამ გაატარა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად აღმოიფხვრება.
„იცით, რომ დღევანდელი სისტემით ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა რადიკალურად შეცვლილია. მიკროავტობუსების მძღოლები აქამდე გამომუშავებაზე იყვნენ, რამდენ მგზავრსაც აიყვანდნენ, მით მეტი შემოსავალი ჰქონდათ. მიკროავტობუსები გაუმართავი იყო, არ იყო მოწესრიგებული კონდიცირების სისტემა, მიზანმიმართულად არ რთავდნენ, რადგან საწვავი ეხარჯებოდათ. პრობლემა იყო ისიც, რომ მათ ყველგან შეეძლოთ მგზავრის აყვანა და გაჩერება, რაც ზრდიდა გადაადგილების დროს და ხელს უშლიდა სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა. მიკროავტობუსების მძღოლები გადაყვანილი არიან ხელფასზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები არსებობს. ამას ველოდით კიდეც, რადგან საკმაოდ დიდი რეფორმა გატარდა. ყველაფერს გამოვასწორებთ და ყველაფერს მივყვებით – სად არის შეფერხება, სად აგვიანებს ტრანსპორტი, სად სჭირდება დამატება, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.