თბილისში მუსიკოსის, ფოლკლორისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას პარლამენტის წევრები, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ანზორ ერქომაიშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ.
„თბილისს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ შესანიშნავ დღეს. ასეულობით ქართული სიმღერა, რომელიც არ არსებობდა როგორც ჩანაწერი, ანზორ ერქომაიშვილმა გადაიტანა ფურცლებზე და დაგვიტოვა უშველებელი საგანძური. ჩვენ სიამაყით ვართ აღვსილი. შვილებს, შვილიშვილებს, ბავშვებს უნდა გავაცნოთ ვინ იყო ბატონი ანზორი და რამხელა ღვაწლი აქვს მას ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედების მნიშვნელობაზე.
„ანზორ ერქომაიშვილმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში და სწორედ ამისთვის, ის იმსახურებს უდიდეს მადლობას. სამწუხაროა, რომ ის დღეს ფიზიკურად ჩვენთან ერთად აღარ არის, მაგრამ როდესაც გრძელდება მისი საქმე, ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ ის არის ჩვენთან ერთად და განაგრძობს მისი საყვარელი საქმის კეთებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დასასრულს, სიმბოლურად სკვერის აღმნიშვნელი აბრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.