თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქ. N3-ში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ცნობილი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია (ბიუსტი) გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ.
„ჩვენს ქვეყანას ელგუჯა ამაშუკელის ძალიან ბევრი ნამუშევარი დარჩა. თბილისი ამ მიმართულებით განსაკუთრებით არის განებივრებული. ვეფხი და მოყმის ძეგლი და ქართლის დედა ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრებია, რომლებიც გაიგივდა თბილისის იდენტობასთან. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გაიხსნა ბიუსტი, რომელიც ამ დიდ ადამიანს მიაგებს პატივს. მინდა, მადლობა გადავუხადო ძეგლისა და იდეის ავტორს, ვახტანგ დავითაიას, ასევე, გელა ზაქარაიას, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის და მემორიალური დაფის განთავსებაზე დადებითი რეკომენდაცია შესაბამისმა კომისიამ 2022 წლის 28 ნოემბერს გასცა.
მოქანდაკე გენადი ზაქარაიას მიერ შესრულებული ბრინჯაოს ნამუშევარი, რომელიც მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა, არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით განთავსდა.
არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 23 455 ლარი დაიხარჯა.
ბიუსტის გახსნას კრწანისისა და ისნის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები ლევან ჯაფარიძე და კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ.