თბილისში, ელიავას ბაზრობაზე 19 მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ფული – ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი არხის” ვებგვერდს, ერთ-ერთი დაზარალებული აწვდის.
მისი ინფორმაციით, დღეს დილით, ადგილზე მისულ დამსაქმებლებს მაღაზიები გატეხილი დახვდათ. როგორც ის ამბობს, კამერების ჩანაწერებში ჩანს 3 სავარაუდოდ არასრულწლოვანი, ჰუდებითა და პირბადეებით, რომლებიც მაღაზიების კარს აღებენ და შიდა სივრცეებში შედიან. სხვადასხვა ობიექტიდან, სხვადასხვა ოდენობის თანხაა წაღებული.
უფრო კონკრეტულად, გაქურდულია გათბობა- გაგრილების სექციის პირველი და მეორე რიგი. დაზარალებულის ცნობითვე, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით, ინფორმაციას შსს-დან ველოდებით.