ვლადიმერ პუტინი მზად არ არის, უარი თქვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიებზე, იტყობინება The Washington Post დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შინაარსის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ამ შეხვედრის დროს, რომელიც კრემლში 6 აგვისტოს გაიმართა, პუტინმა მოითხოვა, რომ კიევს დონბასი დაეთმო, ცეცხლის შეწყვეტისა და ფრონტის ხაზის ამჟამინდელ პოზიციებზე გაყინვის სანაცვლოდ.
ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა საუბარი გამართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან. ამ სატელეფონო საუბრის ზოგიერთ მონაწილეს, სულ მცირე, „ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ პუტინი დათანხმდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე თავისი პრეტენზიების დათმობას“, _ წერს Axios.
თუმცა, „ვაშინგტონ პოსტის“ წყარო ამტკიცებს, რომ ამერიკულმა მხარემ პუტინის წინადადება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ აღიქვა, როგორც იქიდან რუსული ჯარების გაყვანის სურვილი. თუმცა, მისი თქმით, კრემლი არ არის მზად დათმოს დაკავებული ტერიტორიები.
„აქსიოსის“ ცნობით, ვიტკოფმა მოგვიანებით უკრაინელ და ევროპელ ოფიციალურ პირებთან საუბრისას განმარტა, რომ პუტინი მხოლოდ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში რუსეთის ამჟამინდელი პოზიციების გაყინვას დათანხმდა.






























































