თეთრი სახლი ავრცელებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებას ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე დაკავების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დაცვის მიზნით.
“მე მივესალმები სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებულ სწრაფ ქმედებებს აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების ბოლოდროინდელი გავრცელების გამოძიებისა და რეაგირების მიზნით. სანამ ჩვენ ჯერ კიდევ განვსაზღვრავთ ამ დოკუმენტების ნამდვილობას, მე მივმართე ჩვენს სამხედრო და სადაზვერვო საზოგადოებას, გადაედგათ ნაბიჯები სენსიტიური ინფორმაციის შემდგომი უსაფრთხოებისა და გავრცელების შესაზღუდად და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან”,– ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გაჟონა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებმა, რომლებიც მოიცავს დეტალურ სადაზვერვო შეფასებებს მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების შესახებ, მათ შორის უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და კიევისა და მოსკოვის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტზე დაკავებულ 21 წლის ჯეკ ტეშეირას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს ბრალად ედება ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის, ასევე, საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებული შენახვა და გავრცელება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლით პატიმრობა ემუქრება.