წელს, გურიაში, თხილის მსხმოიარობის მაღალი მაჩვენებელია და ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ფასი მუდამ მერყევია, მაინც იმედით უყურებს მოსავლის მიღებას.
არაერთხელ ვწერდით და ვწერთ, რომ ფაროსანასგან დაზიანების ფაქტორი უზარმაზარია. ასევე, კულტურამ ხმობა დაიწყო, რის მიზეზი ჯერ გამოკვლეული არ არის.
ამ დროისთვის, შარშანდელ ფასთან შედარებით, თხილის ფასი მაღალია. ცნობილი მეთოდით _ათი ცალი თხილის გატეხვით ფასის გამოყვანისას, ერთი მარცვალი ერთი ლარია. საღი თხილის შემთხვევაში, ერთი კილოგრამის ფასი 8-9 ლარს უახლოვდება.
„თუმცა, თხილი ვიღას აქვს ახლა? მოსახლეობის, ალბათ, ხუთ პროცენტსაც არა“, _ ამბობენ გურულები.
ახლა, როცა თხილის მოსავალს კარგი პირი უჩანს, ივლისის შუა რიცხვებიდან ჩაბარებაც დაიწყება. თუ რა ფასად შეიძლება ჩაიბარონ, თხილის ასაწონ პუნქტებში ამბობენ, რომ ჯერ არაფერი იციან. თუმცა, ვარაუდობენ, რომ გასულ წლის ფასზე ნაკლები არ იქნება.
შარშან, ივლისის შუა რიცხვებიდან, როცა ახალი მოსავლის ჩაბარება დაიწყო, ერთი კილოგრამი თხილი 2,50 ლარი ღირდა.
ავტორი






























































