2026 წლიდან „თხილის სუბსიდირების პროგრამა“, რომლის მიზანი საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, უქმდება.
მომავალი წლის 31-მილიარდიან ლარიან ბიუჯეტში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის ფული გათვალისწინებული არაა.
რატომ არ გაგრძელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2026 წელს? – გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გელა აბულაძემ ეს კითხვა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაუსვა.
პარლამენტარის თქმით, პროგრამამ დადებითი გავლენა მოახდინა როგორც მოსავლის ხარისხზე, ისე ექსპორტზე, თუმცა „აზიური ფაროსანას“ საფრთხე კვლავ აქტუალურია.
„2026 წლის ბიუჯეტის პროექტში აღნიშნული პროგრამა აღარ არის გათვალისწინებული. მიმაჩნია, რომ ეს მეთხილეობის დარგში ფატალური შედეგების დადგომას გამოიწვევს ფერმერები მავნებელთან პირისპირ რჩებიან“, – განაცხადა გელა აბულაძემ.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2023-2025 წლებში სუბსიდია გაიცემოდა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესაძენად, სუბსიდია განისაზღვრებოდა შემდეგი პირობებით: თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, პროგრამა მხოლოდ ერთწლიანი იყო, მაგრამ 2024 და 2025 წლებშიც გაგრძელდა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 68 მლნ ლარი დაიხარჯა. კერძოდ, „თხილის სუბსიდირების პროგრამის“ ბიუჯეტი 2023 წელს 21.5 მლნ ლარი იყო, 2024 წელს – ₾22.7 მლნ, ხოლო 2025 წელს კი – 23 მლნ ლარი.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ის თავიდანვე ერთწლიან დახმარებად იყო ჩაფიქრებული და სახელმწიფომ, საჭიროებიდან გამომდინარე, სამი წელი გააგრძელა. მინისტრის პირველმა მოადგილემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თხილის წარმოება მომგებიანი ბიზნესია და ფერმერებმა საკუთარ მოსავალზე ზრუნვა თავად უნდა შეძლონ.
ვრცლად bmg
































































