ჩოხატაურში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის ფართობების აღრიცხვა ამჟამად ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზურაბ კოტრიკაძემ განუცხადა.
ინფორმაციისთვის, პროგრამა 7 ნოემბერს ამოქმედდა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ გუთურიდან დაიწყო. ამჟამად თხილის ბაღების აღრიცხვა გუთურში უკვე დასრულებულია.
“იმ კვირას განხორციელდა გუთურში, ამ კვირაში იქნება ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო პარასკევს გადაწყდება, სად ჩატარდება მომავალ კვირას“,_ გვითხრა კოტრიკაძემ.
ინფორმაციისთვის, სუბსიდიის მისაღებად, საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა არაუმეტეს 3 ჰა.
სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებზე სუბსიდიის გაცემა მოხდება ლიბერთი ბანკის აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით.
ქულების დარიცხვა დაიწყება 2023 წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.