უფრო ბუმბერაზი, უფრო მშობლიური არ ჰყოლია აჭარას პოეტი.
და განა მხოლოდ პოეტი იყო ზურაბ გორგილაძე?
არა, აჭარული დიალექტისაგან მარგალიტების აკინძვის ოსტატი და დიდოსტატიც.
ქსოვის, და წვნის დიდოსტატი, მხატვარიც…
და იგი ქსოვდა, წნავდა და ხატავდა სიტყვით.
და ნაყშებად ლექსებში რთავდა სევდას, აღმაფრენას, წარსულსაც და მომავალსაც.
ხალხური მეტყველების და სიტყვის სალაროთი უხვად საზრდოობდა და სასწაულ ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებდა საკუთარ ლექსებს.
და სწორედ, ამიტომ მისი ლექსები არ მიიღო დანარჩენმა საქართველომ თავდაპირველად.
ლექსები, რომლებიც აღმაფრენას იწვევდა აჭარაში, ჟრუანტელს გგვრიდა და გატირებდა კიდეც…
აკი მოთქვამდა თავად მგოსანიც: მე კი ჩემი ლექსები ჩოლოქს ვერ გავაშორე…
უკვე გააშორე ზურაბ ბატონო, გააშორე ჩოლოქს შენი ლექსები.
დროსაც გააშორე და დიდი კვალიც დატოვე…
რადგან თქვენ არ იყავით მხოლოდ პოეტი!
დღეს ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა! _ სტატუსს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე წერს.