საქართველოში სამწუხარო ამბავი გავრცელდა _ გარდაიცვალა ლადო ასათიანის ქალიშვილი, მანანა ასათიანი.
ყველა წიგნიერმა, ჭეშმარიტი პოეზიის მოყვარულმა ქართველმა იცის, მარად ჭაბუკად დარჩენილი ლადო ასათიანი, ბწყინვალე ლექსში: „ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული“, თავის პაწაწინა მანანას როგორ უბარებს:
„დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი
და ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი,
მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო…
თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ“…
საქართველოს ახსოვს მანანა ასათიანის ფიცის ტოლფასი სიტყვები: „მეტი თუ ვერაფერი შევძელი, მეყვარება ჩემი საქართველო ისე, როგორც მამაჩემს უყვარდა“…
ჩვენს სამშობლოს გენიალური პოეტის შვილი მოუკვდა და უნებურად განახლდა ქართულ პოეზიაში გრიგალივით შემოვარდნილი, მარად 26 წლის პოეტის სიკვდილით გამოწვეული, ისედაც მოურჩენელი ტკივილი…
მარადიული ნათელი ეფინოთ მათ სპეტაკ სულებს…
ავტორი